ახლებური, თანამედროვე

"ლიტერატურული საქართველო",
26 იანვარი — 2 თებერვალი, 1996 წელი.

დოც. ლეილა გამსახურდია

არ შეიძლება დიდი კმაყოფილებით არ მიესალმო ინგლისურ-ქართული ლექსიკონის გამოცემის დაწყებას (ამჟამად იგი გამოდის ნაკვეთებად, რვეულების სახით). ამ ლექსიკონმა შეავსო ის დიდი ხარვეზი, რომელსაც საკმაოდ კარგად გრძნობდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ლიტერატორები, მთარგმნელები და მეცნიერების სხვადასხვა დარგში მომუშავე სპეციალისტები.

წინამდებარე ლექსიკონის შედგენა ფაქტიურად აღნიშნული ხარვეზის შევსების პირველი ცდაა საქართველოში. და ეს ასეა, არა მარტო იმიტომ, რომ აქამდე შედგენილი ორენოვანი ლექსიკონები მცირეტანიანია, არამედ იმიტომაც, რომ ადრე შედგენილი ლექსიკონები, ძირითადად, რუსულენოვანი ლექსიკონების თარგმანს წარმოადგენენ. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია მათში არ გაპარულიყო უზუსტობანი, ზოგჯერ უხეში შეცდომებიც კი. როგორც ცნობილია, ორი ენის, თითქოსდა ერთი შეხედვით, იდენტური სიტყვების მნიშვნელობები არასოდეს არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს მით უფრო დამახასიათებელია ისეთი არამონათესავე, სისტემურად სავსებით განსხვავებული ენებისათვის, როგორიცაა ქართული და ინგლისური. ინგლისური ენის რომელიმე სიტყვის სემანტიკური სტრუქტურა, შესაძლოა ქართული სიტყვის სემანტიკური სტრუქტურის ერთ ნაწილს მიესადაგოს, ხოლო მისი სხვა ნაწილები სრულიად სხვა სიტყვებს დაუკავშირდეს. ადვილი წარმოსადგენია, რა შეუსაბამობანი შეიძლება გაჩნდეს ქართულ-ინგლისურ ლექსიკონში, თუკი ინგლისური სიტყვების ახსნა-განმარტებას კიდევ მესამე (რუსული) ენის სიტყვათა სემანტიკური სტრუქტურა დაედება საფუძვლად. რა თქმა უნდა, ორენოვანი ლექსიკონი სრულყოფილია მაშინ, თუ იგი სიტყვათა სიმფონიას ეყრდნობა. თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ საჭიროა, რომ თითოეული ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა ინგლისური ენის განმარტებითი (და არა ორენოვანი) ლექსიკონებით შეჯერდეს. განმარტებითი ლექსიკონებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით უნდა დაზუსტდეს ინგლისური სიტყვის მთლიანი სემანტიკური სტრუქტურა და მხოლოდ შემდეგ მოეძებნოს მას ქართული შესატყვისები.

ინგლისური ფილოლოგიის კათედრის მიერ შედგენილი ლექსიკონი სწორედ ასეთი შრომატევადი და ფაქიზი მუშაობის შედეგია. ლექსიკონის შემდგენლებმა ამ საქმეს ათეული წლები მოანდომეს. ამის დასტურია ის მრავალრიცხოვანი ლექსიკოგრაფიული წყაროები, რომელიც ლექსიკონის შემდგენლებმა გამოიყენეს, და ის ლინგვისტური დონე, რომელიც ლექსიკონში ნათლად აისახა.

ლექსიკონის ყოველი სიტყვა-სტატია დაწვრილებით არის განმარტებული: ზუსტად არის წარმოდგენილი სიტყვათა გრამატიკული, სემანტიკური და სტილისტური დახასიათება. ლექსიკონში გათვალისწინებულია დროისმიერი, ადგილისმიერი და დარგობრივი კვალიფიკაციები. განსაკუთრებით მისასალმებელია ის, რომ ბოლოს და ბოლოს, ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში გაცილებით უფრო სრულად (ვიდრე ეს აქამდე იყო) წარმოდგენილია ქართული ფრაზეოლოგია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალზე მოხდენილად მიესადაგება ინგლისურ ფრაზულ ერთეულებს. ინგლისური იდიომების ქართულ თარგმანებში დაცულია სიზუსტე, ხოლო მათ ქართულ შესატყვისებში დედნის მხატვრულობაა შენარჩუნებული. ეს ლექსიკონის შემდგენელთა მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ლექსიკონის შემდგენლებმა ინგლისურ სიტყვათა ტრანსკრიფციაში შემოიტანეს. როგორც ცნობილია, ინგლისური ენის დამწერლობა საკმაოდ დაშორებულია ინგლისური ენის თანამედროვე წარმოთქმას. ამიტომ თითქმის ყველა ლექსიკონს (რომელსაც აქვს პრეტენზია ინგლისურ წარმოთქმას გააცნოს ენის შემსწავლელი) თან ახლავს სიტყვათა ტრანსკრიფცია (სიტყვაში შემავალ ბგერათა მეტნაკლებად ზუსტი აღნიშვნა). სამწუხაროდ, 60-იან და 70-იან წლებში გამოცემულ ლექსიკონებში, როგორც რუსეთში, ისე ევროპაში, ინგლისური ენის ტრანსკრიფციას სერიოზული ხარვეზები ჰქონდა. არ იყო დაცული ის პრინციპი, რომ ყოველ ლინგვისტურად ღირებულ ბგერას ჰქონოდა თავისი ორთოგრაფიული გამოხატულება. უფრო მოგვიანებით ეს შეცდომა გასწორდა, როგორც ამერიკაში ისე ევროპაში გამოცემულ ლექსიკონებში. რაც შეეხება რუსეთში გამოცემულ ლექსიკონებს (იხ. მიულერის, შემდეგ გალპერინის საერთო რედაქციით გამოცემული ლექსიკონები), ეს უცილობელი პრინციპი დაცული არ არის.

წინამდებარე დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში გათვალისწინებულია თანამედროვე ენათმეცნიერების განვითარების დონე და მასში მოცემულ სიტყვათა ტრანსკრიფციაში თითოეულ ფონემას (ე.ი. ლინგვისტურად ღირებულ ბგერას, რომელიც სიტყვათა განსასხვავებლად გამოიყენება) განსხვავებული ორთოგრაფიული ნიშანი გააჩნია. ამის შედეგად ყოველ სიტყვა-სტატიაში დაცულია სიტყვის ფონემური შედგენილობა და მისი ფონეტიკური სტრუქტურაც.