„ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით შესრულდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულ ცენტრში, თავდაცვის ეროვნული აკადემიის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ლექსიკონში შეტანილია თანამედროვე ამერიკული, ბრიტანული და საერთაშორისო საბაზო 9 400 ტერმინი ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: ტაქტიკა, ოპერაციები, მანევრები, წვრთნები, შენაერთები, პერსონალი, წოდებები, ტრანსპორტი, იარაღი, აღჭურვილობა, ლოგისტიკა და სხვა.

ლექსიკონში სამხედრო ტერმინებთან ერთად წარმოდგენილია საავიაციო, საზღვაო, რადიო, ტექნიკური, კარტოგრაფიული, აგრეთვე სამხედრო-პოლიტიკური და ნატოსთან დაკავშირებული ტერმინები.

ლექსიკონში ასახულია რიგი სამხედრო-ისტორიული ტერმინებისა, იმ პირთათვის, რომლებსაც სამხედრო ლიტერატურასთან უწევთ მუშაობა. ლექსიკონში შეტანილია სამხედრო სასაუბრო და სლენგური სიტყვები და გამოთქმები იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომელთაც უცხოელ კოლეგებთან უხდებათ ურთიერთობა სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო თუ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისას.

ლექსიკონში შესულია სამხედრო სფეროში ყველაზე გავრცელებული აბრევიატურები.   აღსანიშნავია, რომ ინგლისურ სიტყვებს და შესიტყვებებს დართული აქვს ტრანსკრიფციები, რაც მათ სწორად წარმოთქმას შეუწყობს ხელს.

„ინგლისურ-ქართულ სამხედრო ლექსიკონზე” მუშაობამ დაგვანახა, რომ ქართული ჯარის ფორმირების კვალდაკვალ იქმნება და ყალიბდება თანამედროვე ქართული სამხედრო ტერმინოლოგია. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ინგლისურ ტერმინს ქართული ეკვივალენტის მითითების პარალელურად დართული აქვს ტერმინის განმარტება, რაც გააადვილებს როგორც მის სწორ  გაგება-ინტერპრეტაციას, ასევე სწორად დამკვიდრებასაც სამხედრო წრეებში. ხშირ შემთხვევაში სიტყვა-სტატიებში მოცემულია საილუსტრაციო მასალა, ამა თუ იმ ტერმინის ხმარების შემთხვევები სხვადასხვა კონტექსტში, რაც, ერთის მხრივ უზრუნველყოფს ტერმინის პრაქტიკაში სწორად გამოყენებას, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს და გააადვილებს სამხედრო ლიტერატურის თარგმნას.

ლექსიკონს დართული აქვს აბრევიატურების ინდექსი, აგრეთვე სამხედრო წოდებების, ძირითად საზომ ერთეულთა და დროის აღრიცხვის დანართები.
ლექსიკონს აქვს ელექტრონული ვერსია, რომელიც ამ ტიპის პირველი ელექტრონული ლექსიკონია საქართველოში.

გვინდა მადლიერებით მოვიხსენიოთ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩვენთან სათანამშრომლოდ მოვლენილი სპეციალისტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ლექსიკონზე მუშაობის ყველა ეტაპზე: კაპიტანი გიორგი ყალიჩავა, კაპიტანი კახა ჭაფოძე (თავდაცვის ეროვნული აკადემია), დოქტრინების შემუშავების სამმართველოს მთარგმნელები, ქალბატონები: თამარ კირვალიძე და მანანა სეხნიაშვილი (თავდაცვის ეროვნული აკადემია), დოქტორი რობერტ ხაჩიძე
(სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა”); ასევე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბ-ნ მამუკა ხერხეულიძეს (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) და მაიორ მალხაზ მაკარაძეს (თავდაცვის ეროვნული აკადემია), უდიდესი ხელშეწყობისათვის ლექსიკონის პროექტზე მუშაობის მთელ პერიოდში.

ლექსიკონის შემდგენლები მადლიერებით მიიღებენ ყველა საქმიან შენიშვნას თუ წინადადებას წინამდებარე „ინგლისურ-ქართულ სამხედრო ლექსიკონთან” დაკავშირებით.