დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ ლექსიკონს MARGALITI დავარქვით.

ქართული სიტყვის მარგალიტები...
არაერთ ქართველ მწერალს თუ პოეტს უწოდებია ქართული სიტყვებისათვის მარგალიტები, ამიტომ რა სახელმა შეიძლება უფრო მეტად დაამშვენოს ლექსიკონი, თუ არა მარგალიტმა.

მარგალიტი ძნელად და მძიმედ მოსაპოვებელი პატიოსანი თვალია.
ამ სახელით ჩვენ ხაზს ვუსვამთ ლექსიკოგრაფიის, როგორც დარგის სირთულეს. ლექსიკოგრაფის შრომას ხომ ჰერაკლეს გმირობებს ადარებენ, ხოლო ქართველმა კაცმა ამ საქმეს ქვის კოდვა უწოდა.

მარგალიტი ყველა ნიჟარაში როდი მოიპოვება. ის ძალზე იშვიათია და ხანგრძლივი ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოიქმნება. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ლექსიკოგრაფობა იშვიათი პროფესიაა, ჭეშმარიტი ლექსიკონის კეთება კი ხანგრძლივი პროცესი.

მარგალიტი უმშვენიერესი პატიოსანი თვალია. ამ სახელის დარქმევით ჩვენ შევეცადეთ გადმოგვეცა ჩვენი დამოკიდებულება ლექსიკოგრაფიისადმი.
ლექსიკონის კეთება, სიტყვა-სტატიაზე მუშაობა სულაც არ არის მოსაწყენი და მოსაბეზრებელი საქმე (drudgery of words), როგორც ეს ბევრს ჰგონია. ეს ჭეშმარიტი შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც მისი ავტორისათვის უდიდესი მეცნიერული და შემოქმედებითი სიხარული და ტკბობა მოაქვს.

სწორედ ეს ხატოვანება დაედო საფუძვლად მარგალიტის ლოგოს, სადაც გახსნილ ნიჟარაში პატიოსანი თვლის ნაცვლად „ქართული ლექსიკოგრაფიის მარგალიტი“ დევს, როგორც მას უკვე უწოდა ქართველმა მკითხველმა.

 
Margaliti Limited © 2006. All Rights Reserved