დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე მუშაობამ მთელი რიგი ეტაპები განვლო.
ლექსიკონის შექმნის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე ჩაისახა გასული საუკუნის 60-იან წლებში, თვალსაჩინო ქართველი მეცნიერისა და მთარგმნელის, იმჟამად კათედრის გამგის, პროფ. გივი გაჩეჩილაძის ინიციატივით.

ლექსიკონის შედგენის საფუძვლად აღებულ იქნა ვ. მიულერის
ინგლისურ-რუსული ლექსიკონი, რომელიც ითარგმნა ქართულად.
70-იან წლებში, მას შემდეგ, რაც გამოვიდა დიდი ინგლისურ-რუსული ლექსიკონი ი. გალპერინის საერთო რედაქტორობით, გადაწყდა ლექსიკონის უკვე შედგენილი ბარათების გადამუშავება ი. გალპერინის ინგლისურ-რუსული ლექსიკონის მიხედვით.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ინგლისური ფილოლოგის კათედრამ შექმნა დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სარედაქციო კოლეგია, რომელსაც დაევალა არსებული შედგენილი ბარათების შესწავლა და სარედაქციო სამუშაოების დაწყება. რედაქტორებმა შეისწავლეს მათ ხელთ არსებული მასალა. ვინაიდან ლექსიკონის შედგენილი მასალა ძირითადად გალპერინის ინგლისურ-რუსული ლექსიკონის მექანიკურად გაქართულებული ვარიანტი იყო, მასში ბევრი უზუსტობა, უხეში შეცდომა, შეუსაბამობა იყო დაგროვილი. ასეთი სახით

მასალის გამოცემა დაუშვებელი იყო. საჭირო იყო შედგენილი სიტყვა-სტატიების საფუძვლიანი გადამუშავება.

სარედაქციო კოლეგიამ დაამუშავა ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შედგენის ახალი ლექსიკოგრაფიული პრინციპები. კატეგორიულად იქნა უარყოფილი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების შედგენა მხოლოდ ინგლისურ-რუსული ლექსიკონის საფუძველზე. სიტყვა-სტატიები უნდა გადამუშავებულიყო ინგლისური ენის ყველაზე ავტორიტეტული განმარტებითი ლექსიკონების საფუძველზე. განმარტებითი ლექსიკონებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით უნდა დაზუსტებულიყო ინგლისური სიტყვის მთლიანი სემანტიკური სტრუქტურა და მხოლოდ შემდეგ დაძებნილიყო მისი ქართული შესატყვისები. ინგლისური სიტყვების სემანტიკური სტრუქტურის კვლევის ძირითად მეთოდად დეფინიციათა ანალიზის მეთოდი იქნა გამოკვეთილი.

დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მასალის გადამუშავება და რედაქცია 25 წელი გაგრძელდა. ი. გალპერინის ლექსიკონი გადამუშავდა ოქსფორდის დიდი ოცტომეული ლექსიკონით, უებსტერის დიდი ლექსიკონით, კემბრიჯის, ლონგმენის, კობილდის და სხვა ინგლისური ენის კომპეტენტური განმარტებითი ლექსიკონებით.

1992 წელს სარედაქციო კოლეგიამ გადაწყვიტა ლექსიკონის შედგენილი და რედაქტირებული სიტყვა-სტატიების კომპიუტერიზაცია და ლექსიკონის ნაკვეთებად, ასო-ასო გამოცემა. 1995 წელს გამოვიდა დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის პირველი რვეული, ასო A, რომელსაც 1996 წელს მოყვა ორი რვეული: B და C. ქართველმა საზოგადოებამ, ისევე როგორც უცხოელმა ქართველოლოგებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის გამოცემის დაწყებას.

დღეისათვის გამოქვეყნებულია ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ცამეტი ტომი, ასოები A – O და აღნიშნული ტომები იქცა ინგლისური სიტყვების ყველაზე ავტორიტეტულ წყაროდ ქართველი მკითხველისათვის.

2009 წელს სარედაქციო კოლეგიამ მიიღო  დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ონლაინ ვერსიის მომზადებისა და ინტერნეტში განთავსების გადაწყვეტილება. ონლაინ ვერსიაში გაერთიანდა როგორც უკვე გამოცემული ტომები, ასევე ის ასოები, რომლებიც ტომების სახით ჯერ არ გამოქვეყნებულა.

დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ერთგული მომხმარებლებისათვის გამოქვეყნდება ლექსიკონის ბოლო ტომები, ხოლო ლექსიკონის მთლიანი მასალის შევსების, გადამუშავების, დახვეწის შემდეგ სარედაქციო კოლეგია გამოსცემს დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონს ორ ტომად, რომელსაც ელექტრონული ვერსიაც ექნება დართული.

 

 
Margaliti Limited © 2006. All Rights Reserved