კომპეტენტური ლექსიკონი

"ლიტერატურული საქართველო",
26 იანვარი — 2 თებერვალი, 1996 წელი.

პროფ. ნიკო ყიასაშვილი

ახალი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის (პირველი რვეული, ასო ანი) ძირითად ღირსებას მისი კომპეტენტურობა წარმოადგენს. ამ მხრივ ის არა მარტო უფრო ვრცელი მასალის შემცველია ადრეულ ცდებთან შედარებით, არამედ სავსებით პასუხობს თანამედროვე ლექსიკოგრაფიის ყველა ძირითად მოთხოვნას და შეიცავს ინფორმაციის როგორც მოწოდების, დალაგების, ისე სტატიათა მნიშვნელობის იმ ხარისხს, რომელიც თანამედროვე ინგლისურ და ამერიკულ ლექსიკონებს გააჩნია. მასში დაძლეულია შესატყვისი ქართული ექვივალენტების მოძებნასთან დაკავშირებული სიძნელენი.

როგორც იქნა, ჩვენ უკვე გვაქვს იმის გარანტია, რომ ახალი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი სამაგიდო წიგნი გახდება (ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით) არა მარტო ინგლისური ენის შემსწავლელთათვის (რაც, რა თქმა უნდა, თავისთავად დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია), არამედ თვით მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელთათვისაც, რომელთაც აღარ დასჭირდებათ (როგორც ეს ხშირად ხდება) ქართული ენისათვის მიუღებელი ფორმების ძიება სხვა (არაქართულ) თარგმანთან შეპირისპირების გზით. ეს ახალი ლექსიკონი ამომწურავ ინფორმაციას შეიცავს ინგლისური ბუნებრივი სტილური ფორმისათვის ასევე ბუნებრივი ქართული შესატყვისების მოსაძიებლად, მესამე ენის კალკირების გარეშე.

ამას ვუწოდებ ამ ლექსიკონის კომპეტენტურობას, რაც, რა თქმა უნდა, ყოველ ნაშრომს მოეთხოვება, ხოლო უპირატესად კი ალბათ ლექსიკონს.