დოქტორ თინათინ მარგალიტაძეს,
ლექსიკოგრაფიული ცენტრი

ძვირფასო თინათინ!

გილოცავთ თქვენ და მთელს სარედაქციო კოლეგიას ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას! უდავოდ ეს იქნება სრული ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც მნიშვნელოვნად დაჩრდილავს მსგავსი ლექსიკონის შექმნის ყველა ადრეულ მცდელობას. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ ინგლისურ ზმნებს ქართულ საწყის ფორმასთან ერთად მითითებული აქვს მესამე პირის აწმყო დროის მხოლობითი რიცხვის ფორმაც, რაც თქვენს ლექსიკონს ისევე ფასეულს ხდის ინგლისურენოვანი ქართული ენის სპეციალისტებისა და შემსწავლელთათვის, როგორც ინგლისური ენის შემსწავლელი ქართველებისათვის.

თქვენი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისათვის, ასევე ინგლისურენოვანი ქართული ენის სპეციალისტებისა და შემსწავლელთათვის, და მაინც ამ უკანასკნელთათვის აღნიშნული ლექსიკონი იქნება დიდი ფუფუნება. ჩვენ, ქართული ენის ინგლისურენოვან სპეციალისტებს ასევე ძალიან გვჭირდება ქართულ-ინგლისური ლექსიკონი. ერთადერთი ლექსიკონი, რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ, არის კიtა ჩხენკელის Georgisch-deutsch Worterbuch, ბრწყინვალე ნაშრომი და უდავოდ ენათმეცნიერული თვალსაზრისით ჩინებული ძეგლი ქართული ენისა. მაგრამ ამ გენიალურ ნაშრომს აქვს თავისი ნაკლოვანებები, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი ის გახლავთ, რომ ეს ქართულ-გერმანული ლექსიკონია და არა ქართულ-ინგლისური, ამდენად მასში არ არის გათვალისწინებული ინგლისურენოვანი პირის მოთხოვნები.

ქართული ენის ინგლისურენოვან სპეციალისტებს ან შემსწავლელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ განსაკუთრებით სჭირდებათ ქართულ-ინგლისური ლექსიკონი. ამგვარი ნაშრომის გარეშე ჩვენთვის ქართული ენის სიმდიდრე და მასში დაუნჯებული საგანძური მიუწვდომელი და შეუცნობელი რჩება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი უზარმაზარი და უაღრესად წარმატებული ნაშრომის — ინგლისურ-ქართული ლექსიკონის დასრულების შემდეგ თქვენ იფიქრებთ ქართულ-ინგლისური ლექსიკონის შედგენასა და გამოცემაზეც. ეს ლექსიკონიც დიდად გააადვილებს ქართული ენის შესწავლის საქმეს და ჩვენთვის გახსნის კარს ქართული კულტურის საიდუმლოებათა უკეთ ჩასაწვდომად და აღსაქმელად.

ზემოთქმული სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მე არაქართველებისათვის ქართულ-ინგლისური ლექსიკონის აუცილებლობაზე საუბრით ოდნავ მაინც ვამცირებდე იმ უზარმაზარ მიღწევას, რასაც თქვენი ლექსიკონი წარმოადგენს. სრულიად ნათელია, რომ როგორც ჩვენ გვჭირდება ქართულ-ინგლისური ლექსიკონი, როგორც გასაღები ქართული კულტურის უკეთ წვდომისათვის, ასევე ქართველებსაც აქვთ ანალოგიური საჭიროება გასაღებისა ინგლისურენოვან სამყაროში შესაღწევად. თქვენ აღნიშნული ნაშრომით თქვენს ხალხს შესანიშნავი გასასვლელი მიეცით ინგლისურენოვან სამყაროზე.

მე ვამზადებ უაღრესად დადებით რეცენზიას ჩემს ხელთ არსებულ ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ოთხ რვეულზე, რომელიც გამოქვეყნდება ASSC-ში. როგორც კი სტატია გამოქვეყნდება, ფაქსით გამოგიგზავნით. ბოლოს მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ბრწყინვალე გამარჯვება. მოუთმენლად ველი მომდევნო რვეულებს და დასრულებულ ლექსიკონს.

პატივისცემით,

ჰოვარდ არონსონი