როგორც ლექსიკონის შექმნის ისტორიაშია აღნიშნული, „ინგლისურ-ქართულ ლექსიკონის“ შექმნის უპირველესი მიზანი იყო ინგლისურენოვანი ლიტერატურის, როგორც მხატვრული, ისე სამეცნიერო, თარგმნა ქართულ ენაზე. ამ ამოცანამ განსაზღვრა მაქსიმალისტური მიდგომა ლექსიკონის სიტყვანის შედგენისადმი, რომელშიც შევიდა როგორც თანამედროვე ინგლისური ენის ხშირად ხმარებული სიტყვები, ისე იშვიათი, არქაული და მოძველებული ლექსიკა. ეს უკანასკნელი სჭირდება მთარგმნელს, რომელიც სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურას თარგმნის. ინგლისურენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნის ამოცანამ კი განსაზღვრა ლექსიკონში მრავალი დარგის ტერმინოლოგიის შეტანა. „დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონი“ დღემდე ივსება ტერმინოლოგიური სიტყვა-სტატიებით.

ლექსიკონის რედაქციის საწყის ეტაპზე, სიტყვა-სტატიების სარედაქციოდ რედაქტორები იყენებდნენ შემდეგ წყაროებს:

 „ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი ისტორიულ პრინციპებზე“

 ი. გალპერინის „ახალი ინგლისურ-რუსული ლექსიკონი“  
• ვებსტერის მესამე ახალი საერთაშორისო ლექსიკონი“

• ოქსფორდის, ვებსტერის, კემბრიჯის უფრო მცირეტანიანი გამოცემები;

• ლონგმენის, კობილდის და მრავალი სხვა ლექსიკონი (იხ. ლექსიკოგრაფიული წყაროები).

ყოველი სიტყვის, პოლისემიური სიტყვის ყოველი მნიშვნელობის დასადგენად რედაქტორები მიმართავდნენ აღნიშნულ ლექსიკონებს. შესიტყვებები, ფრაზეოლოგიური ერთეულები, ანდაზები, ფრაზული ზმნები მოწმდებოდა არა მხოლოდ ზემოხსენებულ ლექსიკოგრაფიულ წყაროებში, არამედ ფრაზეოლოგიურ და სხვა სპეციფიკურ ლექსიკონებში.

ლექსიკონის ყოველ სიტყვა-სტატიაში წარმოდგენილია სიტყვის გრამატიკული, ლექსიკური და სტილისტიკური დახასიათება. ლექსიკონში გათვალისწინებულია დროისმიერი კვალიფიკაციები (მოძველებული, არქაული), ადგილისმიერი კვალიფიკაციები (ამერიკული, ახ. ზელანდიური, კანადური და ა.შ.), სტილისტიკური კვალიფიკაციები (სასაუბრო, წიგნური, ამაღლებული, ვულგარული, სლენგი და ა.შ.), დარგობრივი კვალიფიკაციები (იხ. დარგობრივი ტერმინოლოგია). 

სიტყვა-სტატიებში მაქსიმალურად სრულადაა წარმოდგენილი ინგლისური სიტყვების პოლისემიური მნიშვნელობები, მათ შორის არქაული და მოძველებული მნიშვნელობები, ასევე, შესიტყვებები, ფრაზეოლოგიური ერთეულები და სხვ.

საქართველოში ინტერნეტის განვითარების კვლადაკვალ, რედაქტორებმა სარედაქციო სამუშაოებში ჩართეს ინგლისური ენის ეროვნული კორპუსი, ბოლო ათი წელია კი აქტიურად იყენებენ სკეჩენჯინს, მის კორპუსებსა და პროგრამულ ინსტრუმენტებს.






 
Margaliti Limited © 2006. All Rights Reserved